წინასიტყვაობა

“მე არ მაქვს პრეტენზია იმისა, რომ ამ პატარა წიგნით მთლიანად ამოიწურება ის დიდი შემოქმედებითი გზა, ცხოვრება და ღვაწლი ადამიანისა, რომელმაც განსაკუთრებული ეპოქა შექმნა ქართული საშემსრულებლო მუსიკის ისტორიაში. მითუმეტეს რთულია ეს ჩემთვის, ადამიანისათვის, რომელიც ამ საქმეში სრულიად გაუწაფავია. ასევე არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ რაიმეს ისეთს წაიკითხავთ, რაც არასდროს გსმენიათ. უბრალოდ, მინდა გამოვხატო ჩემი უდიდესი სიყვარული, პატივისცემა და აღფრთოვანება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილია და რომლის საშემსრულებლო და პედაგოგიური სიმაღლეების გამოც საზღვარგარეთ ცხოვრებას საქართველოში, სამშობლოში დარჩენა ვამჯობინე და არც არასდროს მინანია ამ გადაწყვეტილების გამო. ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ყოველთვის შემეძლო მეთხოვა ბატონი გიზისათვის თუნდაც ერთხელ მოესმინა კონცერტის წინ და ეთქვა რაღაც „ის“, რაც თითქოს ასეთი მარტივი და ბუნებრივი ჩანდა, მაგრამ მისი დახმარების გარეშე ხშირად ჩვენი აღქმის მიღმა რჩებოდა.

დიდხანს ვფიქრობდი წიგნის სათაურზე. ბატონი გიზის შესახებ ტექსტში ბევრგანაა ნახსენები არაერთი ისეთი ეპითეტი, რომელიც თავისუფლად გამოდგებოდა წიგნის სათაურად, მაგრამ სიმართლე გითხრათ, რაიმე უფრო თბილი მინდოდა … ამიტომ წიგნს ვუწოდე „თენგიზ ამირეჯიბი“ – სახელი, რომელიც ყველაფერზე თვითონ მეტყველებს და ყველასათვის უზომოდ ძვირფასია.

წიგნში შევეცადე გამეერთიანებინა ის მასალა, საგაზეთო რეცენზიები – ბატონი გიზის ახალგაზრდობიდან მოყოლებული დღემდე – რაც ცალ-ცალკე, ალბათ, ყველას წაკითხული გვაქვს, მაგრამ არასოდეს ყოფილა ერთად თავმოყრილი. ამისათვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის  ბიბლიოთეკასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას. მათ დიდი შრომა გასწიეს იმისათვის, რომ ჩემთვის მოეპოვებინათ ყველა ის გაზეთი თუ ჟურნალი, რომლებშიც ბატონი თენგიზის შესახებ იყო ინფორმაცია დაბეჭდილი; აგრეთვე გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმსა და ბატონ გიზო ვარდოსანიძეს იმ ფოტოების მოწოდებისათვის, რომლებიც ბატონი გიზისა და მისი წინაპრების უნიკალურ ისტორიას ინახავს.

წიგნში შესულია ფრაგმენტები თენგიზ ამირეჯიბის ძირითადი ბიოგრაფიული ცნობარიდან, თავი, რომელსაც ვუწოდე „თენგიზ ამირეჯიბის შესახებ“, სადაც გამოვიყენე სხვადასხვა დროის საგაზეთო პუბლიკაციები, ასევე არაერთი ცნობილი ხელოვანის მიერ სწორედ ამ წიგნისათვის დაწერილი სურვილები, დამოკიდებულება, მოგონებები. ცალკე თავშია თავმოყრილი ბატონი გიზის ზოგიერთი ფრაზა, რომლებიც ზოგადად საშემსრულებლო ხელოვნებას ეხება. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრია მუსიკოსი, რომელთაც დიდი სურვილი აქვთ, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ჩვენი უდიდესი ხელოვანისადმი. ამიტომ, იმედი მაქვს ეს პუბლიკაცია მხოლოდ დასაწყისია და მომავალში დაიწერება წიგნი, რომელშიც სრულყოფილად აისახება ბატონი გიზის ცხოვრებისეული და შემოქმედებითი ეტაპები.

გთხოვთ, მკაცრად ნუ განმსჯით – მიიღეთ ეს მოკრძალებული ნაშრომი, როგორც მხოლოდ დიდი სიყვარულისა და აღფრთოვანების დასტური ჩემი შეუდარებელი პედაგოგის მიმართ.”

თამარ ლიჩელი