თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი დაარსდა 2013 წელს. ფესტივალის მიზანია უკვდავჰყოს გენიალური ქართველი პიანისტისა და პედაგოგის – თენგიზ ამირეჯიბის სახელი. გარდა იმისა, რომ თენგიზ ამირეჯიბი იყო უდიდესი შემსრულებელი-შოპენის ნაწარმოებების ერთ-ერთ საუკეთესო ინტერპრეტატორი, ქართული მუსიკის დიდი პროპაგანდისტი-მან, როგორც პედაგოგმა, დატოვა წარუშლელი კვალი საქართველოს მუსიკის ისტორიაში. აღზარდა საერთაშორისო კონკურსების არაერთი ლაურეატი, პიანისტები, რომელთაც საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოში გაიტანეს და დღეს-დღეობით დიდი წარმატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა ქვეყანაში. თენგიზ ამირეჯიბის აღზრდილ სტუდენტთა შორის არიან: ალექსანდრე კორსანტია, მანანა დოიჯაშვილი, ელისო ბოლქვაძე, ხატია ბუნიათიშვილი, მარინა ნადირაძე, თამარ ლიჩელი და მრავალი სხვა. ფესტივალი ყოველწლიურია და ტარდება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში. მისი ერთ-ერთი მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ნიჭიერი ახალგაზრდა შემსრულებლების წარდგენა და ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია. თენგიზ ამირეჯიბის აღზრდილ სტუდენტებთან და სხვა ცნობილ ქართველ შემსრულებლებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას ღებულობენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან კენ აისო (იაპონია), დენის შაპოვალოვი(რუსეთი), გლორია კამპანერი(იტალია), საფორტეპიანო დუეტი სკოლტეს&იანსენსი (ჰოლანდია) და სხვა. ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია თამარ ლიჩელი.